რა გავლენა აქვს მობილურ ტელეფონს კანზე?

დღევანდელ რეალობაში რთულია წარმოვიდგინოთ ადამიანი სმარტფონის გარეშე.

სწორედ იმიტომ რომ მობილურ ტელეფონს აქვს ის ყველაფერი რაც გვჭირდება მეგობრებთან საკონტაქტოდ, სამუშაოდ და ინფორმაციის მისაღებად, ის იქცა ჩვენი სხეულის განუყოფელ ნაწილად, მაგრამ სამწუხაროდ ამ მოწყობილობაზე დამოკიდებულებამ შესაძლოა ცუდი გავლენა იქონიოს ჩვენს ჯანმრთელობაზე და განსაკუთრებით კანზე.
 

ტელეფონზე საუბარი

დღესდღეისობით ძალიან ცოტა ადამიანი თუ საუბრობს ტელეფონზე, მაგრამ ყველა ვეხებით მობილურის ეკრანს და შემდგომ კი ჩვენს სახეს. მოწყობილობა, რომელიც ყველგან თან დაგვაქვს, შესაბამისად მასზე უამრავი მიკროორგანიზმი ბუდობს. Time Magazine - ს ინფორმაციით, 6 დან 1 მობილური ტელეფონი დაბინძურებულია ფეკალური მასებით. სწორედ ამიტომ, აკნეს გამომწვევი ერთ-ერთი უხშირესი მიზეზი ბაქტერიების მობილურიდან სახეზე გადატანაა. მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრი დერმატოლოგი საუბრობს იმის შესახებ, რომ დაბინძურებული მობილურის სახის კანზე ხშირი შეხება მექანიკურ აკნეს იწვევს.
 

რა არის გამოსავალი?

მნიშვნელოვანია, რომ მობილურის ეკრანი ხშირად გავწმინდოთ, რითაც თავიდან ავირიდებთ ეკრანზე არსებული ბაქტერიების კანზე გადატანას და შესაბამისად ინფექციის განვითარებას. ასევე სმარტფონის შეხებით გამოწვეული მექანიკური აკნეს თავიდან ასაცილებლად უმჯობესია მობილურზე საუბრისას ყურსასმენების გამოყენება.

 

გვიან ღამით მობილურის განათებული ეკრანის ყურება

კვლევებმა აჩვენეს, რომ სმარტფონები, პლანშეტები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები ასხივებენ დიდი რაოდენობით ლურჯ სხივებს. ლურჯი გამოსხივება ამცირებს მელატონინის წარმოქმნას. მელატონინი ძილის ჰორმონია, მას ძილის დროს, თავის ტვინის გირჩისებური ჯირკვალი ეპიფიზი გამოიმუშავებს. სუპრესირებული მელატონინი გავლენას ახდენს სწრაფი ძილის ციკლზე და შესაბამისად დილას გამოუძინებლად და უენერგიოდ ვიღვიძებთ.

კვლევების თანახმად, ძილის ნაკლებობა გავლენას ახდენს არა მხოლოდ ენერგიაზე, არამედ ხელს უწყობს თვალის ქვეშ სიშავის განვითარებას, ხდის კანს უსიცოცხლოს, აუხეშებს მის ტექსტურას, ამცირებს კოლაგენის გამომუშავებას და კანზე ანთებითი პროცესის წარმოშობას, რაც საბოლოოდ იწვევს აკნეს, ეგზემას და ალერგიული გამონაყრის განვითარებას.

 

რა არის გამოსავალი?

დაძინებამდე 30 წუთით ადრე დაემშვიდობეთ მობილურ ტელეფონს. გადადეთ ან საერთოდ გათიშეთ სმარტფონი იმისთვის რომ მარტივად დაძლიოთ სოციალური ქსელების, მოკლეტექსტური შეტყობინებების და ელექტრონული ფოსტის შემოწმების სურვილი.

 

თვალების დაძაბვა ეკრანიდან კითხვის დროს

როდესაც თვალებს ვძაბავთ იმისთვის, რომ ამოვიკითხოთ ტექსტი მცირე ზომის ეკრანებიდან, ზეწოლას ვახდენთ თვალებზე და თვალების ირგვლივ არეში, რაც ხელს უწყობს ამ მიდამოში ადრეულ ასაკში ნაოჭების განვითარებას.

 

რა არის გამოსავალი?

გაზარდეთ შრიფტის ზომა და მალევე იგრძნობთ თვალებზე და მათ ირგვლივ ზეწოლის შემცირებას. გარდა იმისა რომ შეძლებთ მარტივად იკითხოთ ეკრანიდან, თავიდან აიცილებთ ნაოჭების ნაადრევ გაჩენას.

რა გავლენა აქვს მობილურ ტელეფონს კანზე?

შეკითხვა დერმატოლოგს

ანონიმური, სწრაფი, დაცული

შეკითხვა დერმატოლოგს